ფუნგიციდის რეალური დანიშნულება სოფლის მეურნეობაში
რა არის ფუნგიციდი?
მცენარეთა დაავადებები წარმოადგენენ მოსავლის დანაკარგების ერთ-ერთ ძირითად წყაროს, რომლებიც გამოწვეულნი არიან პათოგენური ორგანიზმებით. მათ შორის კი, სოკოვანი დაავადებები (ფოტო 1) მოსავლის დაკარგვის ნომერ პირველ მიზეზად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ბაქტერიები (ფოტო 3), ვირუსები (ფოტო 2) და ნემატოდებიც ასევე დაავადების და მოსავლის დანაკარგების გამომწვევი ორგანიზმებია.
პათოგენური ორგანიზმებით გამოწვეული სიმპტომების მსგავსად, მცენარეთათვის ასევე დამახასიათებელია სიმპტომები, რომელსაც იწვევენ აბიოტური (არა ცოცხალი) ფაქტორები, როგორიცაა საკვები ნივთიერებების დეფიციტი (ფოტო 4) და ჰაერის დაბინძურება.
ფუნგიციდები, ჰერბიციდები და ინსექტიციდები, ყველა ერთად არიან პესტიციდები, რომლებიც გამოიყენებიან მცენარეთა დაცვაში.
ფუნგიციდი წარმოადგენს პესტიციდების სპეციფიკურ ტიპს, რომელიც აკონტროლებს სოკოვან დაავადებებს, გამომწვევი სოკოს ინჰიბირებით ან განადგურებით მაგრამ, არა ყველა სოკოვანი დაავადების… მაგალითისათვის, ასეთებია მცენარეში ქსილემის გზით გადაადგილებადი დაავადებები, ფუზარიოზი და ვერტიცელიოზი (ფოტო 5).
ასევე, დაავადებები რომლებიც გამოწვეულია აბიოტური ფაქტორებით და მწერებით (ფოტო 6), ფუნგიციდებით არ იკურნებიან. ამიტომაც, ფუნგიციდის გამოყენებამდე აუცილებელია სიმპტომების გამომწვევი მიზეზების დადგენა.რატომ არის საჭირო ფუნგიციდი?
დაავადებები ჩვეულებრივი მოვლენაა მცენარეებზე, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოსავალსა და მის ხარისხზე. ამიტომაც, დაავადებების მართვა კულტურების უმეტესობის აუცილებელი კომპონენტია.
ზოგადად, არსებობს 3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც იყენებენ ფუნგიციდებს.
1) სოკოვანი დაავადებების გასაკონტროლებლად, მცენარეების ჩამოყალიბება-განვითარების დროს.
2) მოსავლიანობის რაოდენობისა და ხარისხის გასაზრდელად. (პათოგენური სოკოების მცენარეზე გავრცელების შედეგად, უარესდება ნაყოფების ხარისხი, ზიანდება მათი ფოთლები, რომლებიც საჭიროა ფოტოსინთეზისთვის და აქედან გამომდინარე ხარისხიანი მოსავლისათვის აუცილებელია ხელისშემშლელი მიზეზების აღმოფხვრა). შესაბამისად, პათოგენური სოკოები ხილ-ბოსტნეულ კულტურებს უქვეითებენ და უკარგავენ საკვებ ვარგისიანობას, ხოლო დეკორატიულ მცენარეებს კი ვიზუალურ მხარეს, რაც საბოლოოდ მათ საბაზრე ღირებულებაზე აისახება.
3) მოყვანილი პროდუქციის შენახვის ვადისა და ხარისხის გასაუმჯობესებლად, რადგან ზოგიერთი სოკოვანი დაავადების გამოვლენა ხდება მოსავლის აღების შემდეგ. სოკოვანი პათოგენები, ამ შემთხვევაში მათ შენახვის დაავადებებსაც უწოდებენ, ხშირად გამოუსადეგარს ხდიან შენახულ ხილს, ბოსტნეულს და მათ სათესლე მასალას. ზოგიერთი პათოგენი, რომელიც აინფიცირებს მარცვლეულ კულტურებს, წარმოქმნის ტოქსინებს (მიკოტოქსინები), რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, ადამიანთა და ცხოველთა მიერ მათი მოხმარებისას.ფუნგიციდის როლი დაავადებათა მართვაში.
მცენარეთა დაავადებების კონტროლისათვის რამდენიმე მეთოდის ერთად შერწყმაა მიზანშეწონილი.
მათ შორის: კულტურათა მონაცვლეობა ერთწლიანი ხილ-ბოსტნეულის შემთხვევაში, დაავადების მიმართ შემგუებელი (ტოლერანტული) ან გამძლე (რეზისტენტურლი) ჯიშების შერჩევით და დარგვის დროის, განოყიერების ხარისხის, სანიტარული კონტროლის და ფუნგიციდური წამლობების მიხედვით.
პრაქტიკით დადგენილია, რომ ფუნგიციდები დაავადებების მართვის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, რადგან ბევრ დაავადებას აკონტროლებენ დამაკმაყოფილებლად და იმის გამოც, რომ კულტურული პრაქტიკა ხშირად ვერ უზრუნველყოფს დაავადების ეფექტურ პრევენციას;
დაავადებებისადმი რეზისტენტული ჯიშები არ არიან ფართოდ ხელმისაწვდომნი ან არ გააჩნიათ მაღალი საბაზრე ღირებულება; ზოგიერთ მაღალი საბაზრე ღირებულების კულტურას კი აქვს ძალიან დაბალი ტოლერანტობა სოკოვანი დაავადების მიმართ.სამედიცინო დანიშნულების პრეპარატებისგან განსხვავებით, სასოფლო-სამეურნეო ფუნგიციდების უმეტესობის გამოიყენება მიზანშეწონილია დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე ან უკიდურეს შემთხვევაში გამოჩენისთანავე. ადამიანებისა და ცხოველების მრავალი დაავადებისაგან განსხვავებით, ფუნგიციდებს არ შეუძლიათ აღმოფხვრან უკვე გამოვლენილი სიმპტომები, მიუხედავად იმისა, რომ თავად გამომწვევი პათოგენის განადგურება შეუძლიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ მცენარეები ცხოველებისგან განსხვავებულად იზრდებიან და ვითარდებიან.
ფუნგიციდები, როგორც წესი იცავენ მცენარის მხოლოდ ახალ, არაინფიცირებულ მწვანე ნაზარდებს. ზოგიერთი ფუნგიციდური ნაერთი ეფექტურია პათოგენის წინააღმდეგ მცენარის დაინფიცირების შემდეგაც. მათ გააჩნიათ ე.წ. სამკურნალო თვისებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ პათოგენის მცენარეში შეჭრიდან ,,რამდენიმე დღეში’’, ხელი შეუშალონ მცენარის მწვანე ნაწილების დასნებოვნებას.
ბევრ ფუნგიციდს, პათოგენის უჯრედის მხოლოდ კონკრეტულ სამიზნე უბანზე მოქმედების მექანიზმი გააჩნია, რაც ნიშნავს ადამიანებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ ტოქსიკურობის დაბალ პოტენციალს მაგრამ, ეს ასევე იწვევს ფუნგიციდური რეზისტენტობის მაღალ რისკებსაც პათოგენის მიმართ. რეზისტენტობა გამომუშავებული პათოგენი კი იწვევს კონკრეტული ფუნგიციდის უმოქმედობას.
ეს ფუნგიციდები, რომლებიც შექმნილია სამიზნე სოკოვანი ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ სპეციფიკურ ფერმენტებზე ან ცილებზე ზემოქმედებისთვის, არ აზიანებენ მცენარეულ ქსოვილებს და ამდენად მათ შეუძლიათ შეაღწიონ და გადაადგილდნენ მცენარის ფოთლებში, რაც უზრუნველჰყოფს მათ სამკურნალო თვისებებს და ზრდის მცენარის იმ მწვანე ნაწილების დაცულობას, რომლებიც შესხურების შემდეგ ვითარდებიან. ვინაიდან, ასეთი ფუნგიციდების მოქმედების მექანიზმი ძალიან სპეციფიკურია, სოკოებში მცირე გენეტიკურმა ცვლილებამაც კი შეიძლება გადალახოს ამ ფუნგიციდის ეფექტურობა და ჩამოყალიბდეს რეზისტენტობა. ამიტომაც, ფუნგიციდური წამლობების ისეთი სტრატეგიები, რომლებიც მხოლოდ სამკურნალო, ესე იგი სიმპტომების გამოჩენის შემდგომ წამლობებს მოიცავენ, უფრო მალე აძლევენ პათოგენს საშუალებას, რომ გამოიმუშაოს რეზისტენტობა.
გამომწვევი მიზეზები:
ა) პათოგენის პოპულაციის დიდი ოდენობით წარმოქმნის გამო, სადაც უკვე არსებობს წინა წამლობებს გადარჩენილი რეზისტენტული შტამები;
ბ) სირთულეები, რომელიც თან ახლავს ფუნგიციდის მიერ მცენარეში შეღწევას და უკვე შეჭრილ პათოგენთან ბრძოლას.
ფერმერები ხშირად იყენებენ დაავადების პროგნოზირების სისტემებს და ინტეგრირებული პესტ მენეჯმენტის მეთოდებს, თუ როდის გამოიყენონ ფუნგიციდები, რათა თავიდან აიცილონ მათი ჭარბი გამოყენება, ხარჯების და გარემოსადმი შესაძლო ზიანის შესამცირებლად. პროგნოზირების სისტემები შემუშავებულია რიგი დაავადებებისათვის, მათი განვითარებისათვის ხელსაყრელი გარემო პირობების გაცნობიერების საფუძველზე. როგორც წესი, ეს დაფუძნებულია ტემპერატურასა და ფარდობით ტენიანობაზე ან ფოთლების დატენიანებაზე. ინტეგრირებული პესტ მენეჯმენტის მიხედვით კი, იგულისხმება რუტინული გამოკვლევა დაავადებათა სიმპტომების და მას შემდეგ გამოყენება ფუნგიციდების, როდესაც სიმპტომების რაოდენობა მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, რომლის იქითაც დაავადება ადეკვატურად ვეღარ გაკონტროლდება. ასეთი კრიტიკული ზღვრის მაგალითია ერთი სიმპტომური ლაქა მცენარის 5 ფოთოლზე…
პროგნოზირების სისტემებით და ი.პ.მ-ით ხელმძღვანელობისას, მნიშვნელოვანია პათოგენის სასიცოცხლო ციკლის ცოდნა. დაავადების გავრცელების ციკლის მნიშვნელოვანი ასპექტები გულისხმობენ მაგალითისათვის, არის თუ არა კონკრეტული დაავადება მონოციკლური (წელწადში ერთი თაობა), თუ პოლიციკლური (მრავალჯერადი თაობა) თუ ლატენტური (დროის მონაკვეთების არსებობა, ინფიცირებასა და ახალი ინოკულუმის წარმოქმნას შორის).გამოყენების მეთოდები
ფუნგიციდები იწარმოება სხვადასხვა ფორმით. მათ შორის ფხვნილის, გრანულების, აიროვანი და ყველაზე უფრო ხშირად თხევადი სახით.
მათი გამოყენება ხდება
ა) მცენარის თესლებზე, ბოლქვებზე, ტუბერებზე და გადარგვის შემთხვევაში კი ფესვებზე. თესლის დამუშავებას, როგორც წესი ახორციელებენ ხოლმე მწარმოებელი კომპანიები. ზოგიერთი წამლობის ჩატარება ხდება უშუალოდ დათესვის ან დარგვის წინ. მიზანი არის, რომ აღმოვფხვრათ ნიადაგის პათოგენური სოკოების გავრცელება სათეს-სარგავი მასალის გაღვივებისა და რაღაც პერიოდით, ახალი აღმონაცენის დროს.
ბ) ხეხილის ნერგის ან ბოსტნეულის ჩითილის დარგვის ან გადარგვის მერე, სუბსტრატში ან ნიადაგში ჩაკეთების გზით. წვეთოვანით შეტანის ან დარგვის შემდეგ, ძირის გარშემო დასხურებით.
გ) მცენარის ფოთლებზე და სხვა მიწის ზედა ნაწილებზე შესხურებით.
დ) მცენარის შიგნით, ინექციის საშუალებით.
ე) მოკრეფილი მოსავლის ფუნგიციდურ წყალხსნარში ჩაძირვის ან შესხურების გზით.ფუნგიციდები ბაზარზე წარმოდგენილია როგორც ფორმულირებული პროდუქტი, რომელიც შედგება აქტიური ნივთიერებისგან და ინერტული ინგრედიენტებისგან. ფუნგიციდებს როგორც წესი აზავებენ წყალში და შემდეგ ნარგაობებში ხდება მათი გამოყენება ამ წყალხსნარის სახით. შემასხურებელი საშუალებები იწყება ხელის და ზურგის აპარატებით, გრძელდება ტრაქტორზე ასაბმელი აგრეგატებით და სრულდება დრონების და ვერტმფრენების გამოყენებით. რამდენიმე ტიპის ფუნგიციდი გამოიყენება გაუზავებლად, შეფრქვევის გზით. ასევე, სათბურებში ხდება მათი გამოყენება კვამლის, ნისლის ან აეროზოლის სახითაც.
საჭიროა, დაავადებებისადმი მგრძნობიარე მცენარის მწვანე ნაწილების სრულად დაფარვა სამუშაო ხსნარით, რადგან ყველა ფუნგიციდი არ იძლევა საშუალებას გადაადგილდეს მცენარეში და იქიდან დაიცვას შეუსხურებელი ნაწილი. ამ მიზნის მიმართ, გამუდმებით არის წინსვლა ახალი შემასხურებელი და საფრქვევი სისტემების გაუმჯობესებისათვის.
ბევრი დაავადების ეფექტური კონტროლისათვის აუცილებელია ფუნგიციდების მრავალჯერადი შესხურებები. ეს ხშირი წამლობები განპირობებულია მცენარის ახალი მწვანე ნაზარდების დასაცავად და უკვე შესხურებული ფუნგიციდის ქიმიური დაშლის, ულტრაიისფერის სხივებით დეგრადაციის და წვიმა-ქარისმიერი ჩამორეცხვების საპრევენციოდ.ფუნგიციდების სახეები და განმარტებები.
ფუნგიციდები თავისი მახასიათებლებით მიხედვით იყოფა რამდენიმე ტიპად.
მობილურიბა მცენარეში: კონტაქტური ან სისტემური საშუალებები.
კონტაქტური ფუნგიციდები აქტიურია მცენარის ზედაპირებზე, სადაც ისინი ქმნიან ქიმიურ ბარიერს მცენარესა და სოკოვან პათოგენს შორის. მცენარეში ამ ფუნგიციდების მოძრაობა არ ხდება.
სისტემური ეწოდება ფუნგიციდს, რომელიც შეიწოვება მცენარის ქსოვილების მიერ. სისტემური საშუალებების უმეტესობა მოძრაობს ,,მცირე დისტანციაზე’’ შესხურებული ადგილიდან. მაგალითისათვის, ფოთოლზე ერთი მხრიდან მოხვედრის შემთხვევაში, შეუძლია გააღწიოს მის მეორე მხარესაც. (ლოკალურ-სისტემური ან ტრანსლამინალური).
ნაწილი სისტემური ფუნგიციდებისა ოდნავ შორს მიდის და შეუძლია ფოთლის რაღაც ნაწილზე მისხურების შემთხვევაში, მთლიანი ფოთოლი მოიცვას. ასევე, არსებობენ ისეთი სისტემური ფუნგიციდები, რომელთაც შეუძლიათ ქსილემის საშუალებით მოძრაობა. როდესაც ასეთი ფუნგიციდების შეტანა ხდება ნიადაგიდან, ისინი ფესვების მიერ შეიწოვებიან და შემდეგ ტრანსპირაციის ნაკადით გადაადგილდებიან მცენარის ზედა ნაწილებისაკენ და იცავენ არათუ არსებულ ფოთლებს, არამედ გამოყენების შემდეგაც განვითარებულებს.
ქსილემით, ტრანსპირაციის ნაკადით მოძრავ ფუნგიციდებს, ფოთლიდან შესხურებისას, ფოთლის რა ნაწილის დაფარვაც მოხდება ერთი მხრიდან, შეუძლიათ იმ ნაწილის მეორე მხარესაც გააღწიონ, ოღონდ ვერ გადაადგილდებიან ფოთლის იმ ნაწილისკენ, სადაც არ შეესხურა პრეპარატი. ასევე, ასეთი ტიპის ფუნგიციდის ფოთლებიდან გამოყენებისას, დაუცველი რჩება მცენარის ფესვთა სისტემა, რადგან ტრანსპირაციის ნაკადი უკან ფესვებისკენ არ მოძრაობს. სამაგიეროდ, ღეროზე მოხვედრილ ფუნგიციდს ძალუძს ტრანსპირაციის ნაკადითვე გადაადგილდეს მცენარის ახალ წარმოქმნილ მწვანე ნაწილისაკენ.
ამფიმობილურ, ერთდროულად ქსილემით და ფლოემით მოძრავ ფუნგიციდებს, რომელთაც ასევე უწოდებენ ნამდვილ სისტემურებს, გააჩნიათ ორმხრივი მოძრაობის უნარი, ფოთლიდან შესხურების გზით გადაადგილდნენ სხვა ფოთლებისკენ და ქვემოთ ფესვებისკენ და პირიქით. სისტემურ ფუნგიციდებს ტრანსლოკაციის შემდეგ აღარ შეუძლიათ მცენარეში მოძრაობა.როლი მცენარეთა დაცვაში: პრევენციული ან სამკურნალო.
კონტაქტურებს უწოდებენ ისეთ ფუნგიციდებს, რომლებიც შესაფერისია პრევენციული (პროფილაქტიკური) გამოყენებისათვის, რადგან ისინი კონტაქტურად, პათოგენთან უშუალო შეხების გზით მოქმედებენ. განმეორებითი გამოყენება საჭიროა ახალი ნაზარდის დასაცავად, წვიმისაგან გადარეცხვის ან მზის სინათლის ზემოქმედების შედეგად უგულებელყოფილიყი ფუნგიციდური მოქმედების აღსადგენად. უმეტეს შემთხვევებში, კონტაქტური ფუნგიციდები ხილულ ნარჩენ კვალს ტოვებენ მცენარეებზე რამდენიმე ხნის განმავლობაში.
მცენარეში შეღწევის უნარის გამო, ზოგიერთ სისტემურ ფუნგიციდს პრევენციულთან ერთად ასევე გააჩნია სამკურნალო აქტივობა, რაც გავლენას ახდენს პათოგენზე, მის მიერ მცენარის ინფიცირების შემდეგაც.აქტივობის სპექტრი: ცალმხრივი და მრავალმხრივი მოქმედების.
ცალმხრივი მოქმედების ფუნგიციდები ზემოქმედებენ პათოგენის მეტაბოლური გზის მხოლოდ ერთი წერტილის წინააღმდეგ ან სოკოს ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ერთი კრიტიკული ფერმენტის ან ცილის წინააღმდეგ. ცალმხრივი მოქმედების ფუნგიციდებს, რომელთაც გაჩნიათ სისტემური თვისებები, ძალიან სპეციფიკურები არიან ტოქსიკურობის მხრივ, მცირე უარყოფით გავლენას ახდენენ უმეტესობა არასამიზნე ორგანიზმებზე და უსაფრთხოდ შეიწოვებიან მცენარეების მიერ.
ცალმხრივი მოქმედების ფუნგიციდების ამ სპეციფიკური უნარების გამო, სოკოვანი ორგანიზმები უფრო მალე გამოიმუშავებენ ხოლმე რეზისტენტობას მათ მიმართ, რადგან ასეთი ფუნგიციდების არამიზნობრივი, ჭარბი გამოყენების შედეგად, პათოგენში თუნდაც ერთი სამიზნე ცილის ან ფერმენტის გენის მუტაცია, საშუალებას აძლევს მავნე ორგანიზმს, გახდეს რეზისტენტული კონკრეტული ფუნგიციდის მიმართ.
როგორც წესი, კონტაქტურ ფუნგიციდებს პათოგენის რამდენიმე სამიზნე უბანზე ერთდროულად მოქმედების უნარი გააჩნიათ და შეუძლიათ ერთდროულად გააკონტროლონ სხვადასხვა კლასის მრავალი სოკოვანი პათოგენი.
in vivo მეთოდებისა შემოღების და ახალი მოქმედი ნივთიერებების დასარეგისტრირებლად საჭირო სხვა მარეგულირებელი ნორმების გამკაცრების გამო, გართულდა ახალი კონტაქტური ფუნგიციდების ბაზარზე ჩაშვება და აქედან გამომდინარე ფუნგიციდების მწარმოებლებმა განავითარეს ცალმხრივი მოქმედების (სისტემური) უნარის მქონე ფუნგიციდების წარმოება, რამაც დამატებით შეუწყო ხელი პათოგენების მიერ რეზისტენტობის უფრო ადვილად ჩამოყალიბებას.
აქტივობის სპექტრის მიხედვით, ასევე განასხვავებენ ვიწრო და ფართო სპექტრის ფუნგიციდებს. ვიწრო სპექტრის ფუნგიციდი ეფექტურია მხოლოდ ,,ახლო მონათესავე’’ პათოგენების წინააღმდეგ. ვიწრო სპექტრის ფუნგიციდებია ძირითადად სისტემური ტიპის ფუნგიციდები, რომელთაც პათოგენზე ცალმხრივი მოქმედების უნარი გააჩნიათ.
ფართო სპექტრის ფუნგიციდებს კი ხშირად შეუძლიათ აკონტროლონ მრავალი ,,არა მონათასავე’’ პათოგენები. ესენი ძირითადად წარმოდგენილია კონტაქტური ფუნგიციდებით, პათოგენზე მრავალმხრივი მოქმედების უნარებით მაგრამ, გვხვდება ასევე ცალმხრივი მოქმედების მქონენიც. ზოგიერთ ფუნგიციდს კი გარდამავალი ადგილი უკავია ფართო და ვიწრო სპექტრის ფუნგიციდებს შორის.მოქმედების მექანიზმები
ფუნგიციდი ზემოქმედებს პათოგენზე მათი უჯრედის კედლის დაზიანებით, საჭირო ფერმენტებისა ან პროტეინების ინჰიბირებით ან ისეთი აუცილებელი პროცესების დათრგუნვით, როგორებიცაა ენერგიის წარმოქმნა ან/და სუნთქვა. ასევე, ფუნგიციდები გავლენას ახდენენ პათოგენის სპეციფიკურ მეტაბოლურ გზებზე, როგორიცაა სტეროლების ან ქიტინის წარმოქმნა. მაგალითისათვის, ფენილამიდური (PA) ფუნგიციდები უკავშირდებიან და აინჰიბირებენ რნმ პოლიმერაზას ფუნქციას ოომიცეტების კლასის პათოგენებში;
ბენზიმიდაზოლის (MBC) ჯგუფის ფუნგიციდები აფერხებენ უჯრედების მიერ ბირთვის გაყოფის დროს საჭირო ბეტა ტუბულინის პოლიმერების წარმოქმნას; აზოლების (DMI) ჯგუფში შემავალი ნივთიერებები, სტეროლის ბიოსინთეზში თრგუნავენ C14 დემეთილაციის უნარს.
ზოგიერთი პროდუქტი კი უნიკალურია იმით, რომ ისინი პირდაპირ გავლენას არ ახდენენ პათოგენზე, არამედ აღძრავენ მასპინძელი მცენარის საპასუხო რეაქციას დაავადებისადმი, რაც ცნობილია როგორც ,,სისტემური შეძენილი რეზისტენტობა’’ (SAR).
SAR-ის აღმძვრელები ძირითადად ანალოგიას უკეთებს მცენარის ქიმიურ სიგნალებს, რომლებიც ააქტიურებენ მათ თავდაცვის მექანიზმებს, როგორებიცაა უჯრედის კედლის გასქელება და პათოგენის საწინააღმდეგო ცილების წარმოება. თუმცა, SAR-ის გამოყენება რამდენადმე შეზღუდულია, რადგან ბევრ პათოგენს უკვე შეუძლია გადალახოს მათი წინააღმდეგობის მექანიზმები.
ფუნგიციდის შერჩევისას, სასარგებლოა იმის ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის პათოგენზე. უპირველეს ყოვლისა, მოქმედების მექანიზმი განსაზღვრავს, თუ რომელი სოკოვანი ორგანიზმები დაითრგუნებიან და შესაბამისად რომელი დაავადებების კონტროლია შესაძლებელი კონკრეტული ფუნგიციდის მიერ. მეორე ის, რომ სხვადასხვა მოქმედების მექანიზმების მქონე ფუნგიციდების მონაცვლეობა არის ხოლმე საჭირო, რათა ხელი შევუშალოთ რეზისტენტობის წარმოქმნას. მოქმედების ბიოქიმიური მეთოდი არის ძირითადი საფუძველი, რომელიც გამოიყენება ფუნგიციდების ძირითად ჯგუფებად კლასიფიკაციისათვის.
ქიმიურ ჯგუფებად დახარისხებული ფუნგიციდები ძალიან კარგად არის მოცემული FRAC-ის (Fungicide Resistance Action Committee) მიერ. (http://www.frac.info/frac/index.htm)
თითოეულ ქიმიურ ჯგუფში შემავალ ყველა ფუნგიციდს აქვს მოქმედების საერთო რეჟიმი და წინააღმდეგობის მექანიზმი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქიმიური სტრუქტურები შესაძლოა განსხვავებული იყოს.ქიმიური ნივთიერებების ტიპების მიხედვით: არაორგანული და ორგანული.
ფუნგიციდების კლასიფიკაცია ასევე შესაძლებელია ქიმიური კომპონენტების მიხედვით.
ქიმიურად, ორგანული ეწოდებათ ისეთ მოლეკულებს, რომელთა სტრუქტურაში შედიან ნახშირბადის ატომები. არაორგანულის შემთხვევაში კი პირიქით, ისინი არ შეიცავენ ნახშირბადის ატომებს. პირველი ფუნგიციდები წარმოადგენდნენ არაორგანულ ნაერთებს, რომლებიც დაფუძნებული იყო გოგირდის და ისეთი მეტალების ბაზაზე, როგორებიცაა სპილენძი, კალა, კადმიუმი და ვერცხლისწყალი. ისინი ტოქსიკურები იყვნენ სოკოვანი ორგანიზმების მიმართ. სპილენძი და გოგირდი კვლავაც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში. უმეტესობა ფუნგიციდებისა, რაც დღევანდელობაში გამოიყენება, ორგანული შემადგენლობის არიან და შეიცავენ ნახშირბადს.
ტერმინი ,,ორგანული’’ ამ შემთხვევაში ასახავს ქიმიურ ტექნოლოგიას და განსხვავდება სოფლის მეურნეობის სისტემის აღმნიშვნელი სიტყვა ორგანულისგან.დამატებითი განმარტებები:
აქტიური ნივთიერება (a.i.) აღნიშნავს პესტიციდის მთავარ მოქმედ ნივთიერებას, რომელიც დაპატენტებულია, სინთეზირებულია და რეგისტრირებულია მწარმოებლის მიერ.
ბიოფუნგიციდი: ბუნებრივ, მიკრობულ და ბიოქიმიურ კომპონენტებზე დაფუძნებული ფუნგიციდური უნარის მქონე საშუალება.
ამათგან:
ა) მიკრობული ბიოპესტიციდი დაფუძნებულია ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც წარმოადგენს ბიოლოგიური კონტროლის აგენტს (ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია პირდაპირი გზით ებრძოლოს ან/და ჩაანაცვლოს პათოგენი ან მავნებელი ორგანიზმი). მაგალითისათვის ტრიქოდერმას შტამები…
ბ) მცენარეული ბიოპესტიციდი ეწოდება მცენარეების მიერ წარმოებულ პესტიციდურ ნივთიერებას და გენეტიკური მასალას, რომლებიც აუცილებელია მცენარისთვის მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ საჭირო ნივთიერების წარმოებისთვის. მაგალითისათვის, მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ გენი სპეციფიკური ბაცილუს ტურინგიენზისის (BT) პესტიციდური პროტეინისთვის და შეიყვანონ ის მცენარის გენეტიკურ მასალაში. შემდეგ მწარმოებელი ამზადებს პესტიციდურ პროტეინს, რომელიც აკონტროლებს მავნებელს, როდესაც ის მცენარით იკვებება.
გ) ბიოქიმიური ბიოპესტიციდი შეიცავს ბუნებრივად წარმოშობილ ნივთიერებას. ზოგიერთი ბიოქიმიური ნივთიერება ასევე შეიძლება იყოს მცენარეული ნაყენი.ბიოქიმიკატებს შეუძლიათ უშუალოდ იმოქმედონ დაავადების გამომწვევ ორგანიზმებზე ან მცენარეში გაააქტიურონ სისტემური შეძენილი რეზისტენტობა (SAR).
ბიოპესტიციდები ზოგადად მოქმედების ვიწრო სპექტრით ხასიათდებიან, აქვთ დაბალი ტოქსიკურობა, სწრაფად იშლებიან და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების მხრივ ითვლებიან შედარებით დაბალი უარყოფითი პოტენციალის მქონე ნივთიერებებად.
აქვე მცირე ჩამონათვალი კონტაქტური და სისტემური ფუნგიციდებისა, მოქმედი ნივთიერებების მიხედვით:
კონტაქტური: არაორგანული სპილენძი, არაორგანული გოგირდი, მანკოცები, კაპტანი, ფოლპეტი, ზირამი…
ლოკალურ-სისტემური ან ტრანსლამინარული: ტრიფლოქსისტრობინი, პირაკლოსტრობინი, კრეზოქსიმ მეთილი, ციმოქსანილი…
ქსილემაში მოძრავი, აკროპეტალური: თიოფანატ მეთილი, აზოქსისტრობინი, დიფენოკონაზოლი, ტებუკონაზოლი, პროპიკონაზოლი, მეფენოქსამი, მეტალაქსილი…
ამფიმობილური, ნამდვილი სისტემური: ალუმინის ფოსეთილი, ფოსფოროვანი მჟავები და მარილები…ანიმაციური მაგალითები ფუნგიციდის მობილობის შესახებ:
კონტაქტური ფუნგიციდი – ფოთლოვანი გამოყენებისას.
თარგმანი ფუნგიციდური წყალხსნარის უმეტესი ნაწილის შესხურება მოხდა მცენარის წვეროს ფოთლებზე, ზემოთა მხრიდან. ამავე ფოთლების ქვედა მხარეს მცირე ნაწილისა, ხოლო დანარჩენი კი ქვედა ფოთლებზე და ღეროზე გადანაწილდა. წვეთები გადანაწილდა ფოთლის ზედაპირზე, სადაც შეესხურა მაგრამ, არ გადაადგილდა ფოთლის შიგნით. ამიტომაც, შესხურების შემდეგ განვითარებული ფოთლები არაა დაცული ფუნგიციდის მიერ, რადგან კონტაქტური ფუნგიციდები ისეა ფორმულირებული, რომ ფიქსირდებიან მხოლოდ მცენარის შესხურებულ ნაწილებზე, წვიმისაგან ჩამორეცხვის რისკების მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად.
თარგმანი შესხურების შემდეგ, ფოთლის ზედაპირზე მოხვედრილი ფუნგიციდი, აღწევს მწვანე ქსოვილებში და იცავს ფოთლის როგორც ზედა, ისე ზედა ნაწილებს პათოგენისაგან. მიაქციეთ ყურადღება, რომ დაუცველი დარჩა მცენარის ფესვები, ახალი ნაზარდი და ის ფოთოლი, სადაც არ მოხდა შესხურება.
თარგმანი ფესვისს არეში შეტანილი ფუნგიციდი, გადანაწილდება ფესვებში და შემდეგ ტრანსპირაციის ნაკადით გადაადგილდება მცენარის ზედა ნაწილებისაკენ, იცავს მათ და ვინაიდან ფესვების მიერ ფუნგიციდის შეწოვა მიმდინარეობს რამდენიმე დღის განმავლობაში, დაცულია ასევე ახალგანვითარებული მწვანე ნაზარდებიც.
თარგმანი ფოთოლზე შესხურებული ფუნგიციდი გადაადგილდება ქსოვილების შიგნით და აღწევს მის სრულ დაცვას. მიაქციეთ ყურადღება, რომ დაუცველია ის ფოთლები, სადაც არ მოხვდა ფუნგიციდი. ღეროებზე შესხურებულ ფუნგიციდს შეუძლია ტრანსპირაციის ნაკადით გადაადგილდეს ზემოთ, ახალი ფოთლებისკენ მაგრამ, არ შეუძლია ქვემოთ, ფესვებისკენ მოძრაობა.
თარგმანი გამოყენების შემდეგ, ფუნგიციდი გადაადგილდება ფოთლის შიგნით. ზოგიერთი ამ ტიპის ფუნგიციდი აღწევს ფლოემაში, რის შემდეგაც მოძრაობს როგორც ზემოთ, მცენარის ახალი მწვანე ნაწილებისაკენ, ისე ქვემოთ, ფესვებისკენ, რითაც აღწევს მცენარის სრულ დაცვას. მაგალითისათვის, FRAC-ის P 07 კოდის მქონე, ფოსფონატების ჯგუფის ფუნგიციდები.
სტატიაზე იმუშავა:
აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი
კომპანია: იოტო აგრო www.iotoagro.ge | 0322 11 1717
წყარო:
https://www.apsnet.org/edcenter/disimpactmngmnt/topc/Pages/Fungicides.aspx
მარგარეტ მაკგრასი, კორნელის უნივერსიტეტი – რა არის ფუნგიციდი?
https://pesticidestewardship.org/resistance/fungicide-resistance/fungicide-terms-to-know/
ვეინ ბულერი, ჩრდ. კაროლინას უნივერსიტეტი – პესტიციდების მართვა გარემოში.