Blog

4 basic rules for cherry tree shapes

ბლის ე.წ. პროდუქტიულ საძირეებზე ნამყენი ბლების (გისელა 5, 6, 12 და სხვ.) სხვლა-ფორმირება, სრულიად განსხვავებულ წესებს მოითხოვს, ვიდრე ე.წ. ძლიერ საძირეებზე ნამყენი ბლებისა (ბალამწარა, ბალღოჯი, კოლტი და სხვ.)
როდესაც ბაღი გაშენებულია დავუშვათ ბალამწარას საძირეზე, მებაღის უმთავრესი საზრუნავი უნდა იყოს, თუ როგორ მიიღოს მოსავალი ადრეულ წლებში და მეტნაკლებად შეზღუდოს ხის ენერგიული ზრდა, ხოლო პროდუქტიულ საძირეების შემთხვევაში, მათ უნდა გაამახვილონ ყურადღება მოსავლისაგან დატვირთვის შემცირებასა და ახალი ნაზარდის განვითარებაზე.
ხის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი მისაღები ზომის ყლორტი წარმოიქმნება, მით მეტი ფოთოლი გვექნება, რაც უდრის მეტი ნახშირწყლების წარმოიქმნას და აქედან გამომდინარე მეტ მაღალი ხარისხის მოსავალს.
ბლის პრემიუმ ხარისხის ნაყოფის მისაღებად, საჭიროა 1 ნაყოფზე მოდიოდეს 200 სმფოთლის ფართობი. ეს დაახლოებით ასე ,,ითარგმნება’’ 5 ფოთოლი: 1 ნაყოფი. ფოთლისა და ნაყოფის რატიო (LA:F). დაახლოებით ეს შეფარდებებია საჭიროა, რომ ხე მოემსახუროს მაღალი ხარისხის ნაყოფის მიღებას.
პროდუქტიულ საძირეებზე ნამყენი ბლების სხვლის სტრატეგია მიმართული უნდა იყოს:
  • წვრილი და ქვემოთ მიმართული ტოტების ამოჭრისკენ (Thining cut) – სინათლის უკეთ შეღწევადობისა და წვრილნაყოფიანობის აღმოფხვრისათვის, ვინაიდან წვრილი და ქვემოთ მიმართული ტოტები, მიდრეკილნი არ არიან მაღალი ხარისხის ხარისხის ნაყოფებისადმი.
  • ტოტების განახლებებისკენ (Stub cut) – ყოველწლიური შერჩევით, უკვე ჩამოყალიბებული, მსხმოიარე ტოტების შესაფერის სიგრძემდე გადაჭრით, რაც გვაძლევს განახლებულ ტოტებს და ხელს უწყობს ჭარბმოსავლიანობის აღმოფხვრას.
  • ერთწლიანი ნაზარდების დამოკლებისკენ (Heading cut) – წვერების წაჭრა ახალი, ძლიერი ნაზარდის ინიცირებისთვის და ჭარბი მოსავლის, წვრილნაყოფიანობის შეზღუდვისათვის.
ბლის, სხვლა, ფორმირება
თითოეული ოპერაციის განმარტება
  • ტოტის ამოჭრა (Thinning cut) ნიშნავს თითოეული სამიზნე ტოტის ძირში მოჭრას ისე, რომ მასზე არ დარჩეს არცერთი ვეგეტატიური კვირტი.
ყოველ წელს, ძირში ვჭრით ნებისმიერ ქვემოთ მიმართულ და წვრილ ტოტებს, რადგან ასეთ ტოტებს ახასიათებთ წვრილი ნაყოფების სხმა. გასხლას ვატარებთ მცენარის მოსვენების პერიოდში. სასურველია, თუ ასეთ ტოტებს პირველივე წელს შევნიშნავთ და მოვაშორებთ, სანამ ისინი საყვავილე თაიგულებით დაიტვირთებიან და მცენარეს ენერგიას წაართმევენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი სხვლა ხელს უწყობს სინათლის უკეთ შეღწევას დატოვებული ტოტებისკენ, რითაც უმჯობესდება ფოტოსინთეზის ხარისხი და იზრდება ნაყოფების ხარისხი.
  • განმაახლებელი ჭრა (Stub cut) ნიშნავს უკვე ჩამოყალიბებული, 2 და მეტი წლის ტოტის მოჭრას ისე, რომ გადანაჭრელი ქვემოთ, სულ მცირე 1 ცოცხალი კვირტი მაინც იყოს დარჩენილი.
ვინაიდან ცნობილია, რომ საუკეთესო ნაყოფი ყალიბდება ერთწლიანი ნაზარდების საბაზისო, ანუ ძირის კვირტებზე და სანაყოფე თაიგულები 1-5 წლის განმავლობაში ივითარებენ ყველაზე კარგ ნაყოფებს, განმაახლებელი ჭრა სწორედ რომ კარგი გამოსავალია ამ 2 მიზნის მისაღწევად. ზოგადად, მიღებულია ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, მსხმოიარე ტოტების განახლება, ისე რომ წლის განმავლობაში განახლებას დაექვემდებაროს, ხის მსხმოიარე ტოტების დაახლოებით 20 %. ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი წესი არის ის, რომ ნარგაობის ლიდერული ტიპის სხვლა-ფორმირების შემთხვევაში, სინათლის უკეთ მისაღებად, ხის ქვედა ნაწილში განსაახლებელ სხვლას დაქვემდებარებული ტოტები უნდა გაისხლას უფრო გრძლად, ვიდრე ხის ზედა ნაწილში არსებულები, რადგან ყოველი ასეთი გადანაჭრელის ქვემოთ არსებულ კვირტებს საკმარისად უნდა ხვდებოდეთ რაც მზის სინათლე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ძალიან გაუჭირდებათ შემდგომი ზრდა-განვითარება და ახალ ყლორტებად გარდაქმნა.
ზოგადად, განმაახლებელი სხვლისას, გადანაჭრელი ტოტების სიგრძე უმეტესწილად უნდა მერყეობდეს 8-60 სმ-ს შორის.
  • ტოტების სიგრძეში დამოკლება (Heading cut) ნიშნავს ერთწლიანი ტოტების ისეთ ზომაზე დატოვებას გასხვლის გზით, რომ მასზე წარმოიქმნას საკმარისი რაოდენობა ფოთლებისა, არ მოხდეს ნაყოფებით გადატვირთვა მომდევნო წლებში და მსხმოიარობა შენარჩუნდეს ხის შტამბთან ახლოს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ბალი ბუნებრივად ხასიათდება ძლიერი აპიკალური დომინირებით, მასზე გვერდითა ტოტები თავისით ადვილად არ წარმოიქმნება (თუმცა ესეც განსხვავდება ჯიშების მიხედვით) და 1 წლიანი ტიტების დამოკლება, აპიკალური დომინირების დაძლევის ყველაზე გავრცელებული და ბუნებრივია მეთოდია, გვერდითა ტორების წარმოქმნის სტიმულაციისთვის.
ასე რომ, ტოტების სიგრძეში დამოკლება აკეთებს 2 საქმეს: ერთი ის, რომ აბრკოლებს აუქსინების წარმოქნას (ნატურალური ჰორმონის, რომელიც თრგუნავს გვერდითა ტოტების განვითარებას), რითაც ასტიმულირებს გადანაჭრელის ქვემოთა კვირტებიდან რამდენიმე ახალი ტოტის წარმოქმნას. სწორედ ამ ახალ წამოსულ ტოტებზე ვითარდება უამრავი საჭირო ფოთოლი, სადაც გროვდება ბლის პრემიუმ ხარისხის ნაყოფის მისაღებად ასე საჭირო ნახშირწყლები. მიმდინარე წლის ნაზარდებზე წარმოქმნილი ფოთლები ზომებით ხშირად 50 %-ით დიდია, ვიდრე სანაყოფე თაიგულების ფოთლები, რითაც ძალიან გაზრდილია მათი ფოტოსინთეზის პოტენციალი.
მეორე მნიშვნელოვანი ფუნქცია 1 წლიანი ნაზარდების სიგრძეში დამოკლებისა არის მოსავლის, ამ შემთხვევაში წვრილნაყოფიანობის სამომავლო შეზღუდვა და აღმოფხვრა.
1 წლიანი ნაზარდების 1/3-ით ან 1/2- ით დამოკლებისას, სამომავლო მოსავლის  ნაწილი იზღუდება, რითაც თავიდან ვიცილებთ წვრილნაყოფიანობას. ფაქტობრივად, იქიდან გამომდინარე, რომ წვეროს კვირტებზე განვითარებული სანაყოფე თაიგულები უფრო ახლო-ახლოა ერთმანეთთან, ვიდრე ტოტის ბაზალურ ნაწილზე ჩამოყალიბებული სანაყოფე თაიგულები,  გაუსხვლელობის შემთხვევაში ისინი წარმოქმნიან უფრო მეტ სანაყოფე ყვავილებს და შესაბამისად ნაყოფებსაც (სურათი 1), ტოტის 1/3-ითაც დამოკლებით, ჩვენ ვზღუდავთ ამ ტოტის სამომავლო სანაყოფე პოტენციალს თითქმის ნახევრით.
ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივი გასხვლა პროდუქტიულ საძირეებზე, მოსავლით დატვირთვის გასაკონტროლებლად.
ნაბიჯი 1. ტოტების ძირში ამოჭრა.
როდის: მოსვენების პერიოდში, ყოველ წელს.
როგორ: ფანქრის ზომაზე წვრილი და ქვემოთ მიმართული ტოტების მოჭრით.
რატომ: ვიშორებთ ტოტებს, რომლებიც მიდრეკილია ნაყოფების გადატვირთვის და შედარებით ნაკლებ ხარისხიანი, წვრილი ნაყოფმსხმოიარობისკენ.
ბლის, სხვლა, ფორმირება
ნაბიჯი 2. განმაახლებელი სხვლა.
როდის: მოსვენების პერიოდში. ხის სრული მსხმოიარობის დაწყების მომდევნო წლიდან, ყოველ წელს.
როგორ: ვიწყებთ მსხმოიარე ტოტების ყოველწლიურად 20 %-ის განახლებით, რათა შევინარჩუნოთ ახალგაზრდა სანაყოფე თაიგულები, პრემიუმ ხარისხის ნაყოფების საწარმოებლად. ხის ზედა ნაწილში. უფრო მოკლე გადანაჭრელ ტოტებს ვტოვებთ, ვიდრე ქვედა ნაწილში. (ლიდერის შემთხვევაში, ვინარჩუნებთ საახალწლო ნაძვის ხის ფორმას).
რატომ: ვამცირებთ მიმდინარე მოსავალს და ხელს ვუწყობთ ახალი სანაყოფე თაიგულების წარმოქმნას.
ბლის, სხვლა, ფორმირება
ნაბიჯი 3. ტოტების ძირში ამოჭრა (დამატებითი ღონისძიება).
როდის: მოსვენების პერიოდში, ყოველ წელს.
როგორ: ლიდერული ტიპის ფორმირების შემთხვევაში, ლიდერის კონკურენტების მოცილებით.
რატომ: მზის სინათლეს ჰქონდეს შესაძლებლობა შეაღწიოს ხის ყველა ნაწილში, ფოტოსინთეზის მაქსიმალური პოტენციალისთვის.
ბლის, სხვლა, ფორმირება
ნაბიჯი 4. ტოტების სიგრძეში დამოკლება.
როდის: პირველი მოსვენების პერიოდიდან ყოველ მომდევნო წელს.
როგორ: დავამოკლოთ ყოველი 1 წლიანი, სამომავლო სანაყოფე ტოტი 1/3-ით ან 1/2-ით.
რატომ: განტოტისთვის და ახალი ფოთლების წარმოქმნისათვის. აგრეთვე, სამომავლო ჭარბმოსავლიანობის აღმოსაფხვრელად.
ბლის, სხვლა, ფორმირება
წყარო: https://catalog.extension.oregonstate.edu/sites/catalog/files/project/pdf/pnw592.pdf
აშშ-ს ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ექსტენციის სამსახური.
English