Blog

Characterization of cherries

აბსოლუტური უმრავლესობა სანერგეების მიერ წარმოებული ბლის ნერგებისა, კვირტით ან კალმით ნამყენ ნერგებს წარმოადგენენ. მყნობის ადგილის ზემოთ, ხის ნაწილს ეწოდება ნამყენი, ხოლო მყნობის ადგილის ქვემოთ კი საძირე.

ბლის ჯიშების გამოყვანის თანამედროვე მეთოდები, ძირითადად ორიენტირებულია ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა მოსავლიანობა, ნაყოფების გემო, ზომა, სიმკვრივე, ფერი, დასკდომის მიმართ გამძლეობა და დაავადებებისადმი რაც შეიძლება ნაკლები მიმღებიანობა. ამის საპირისპიროდ, საძირეების გამოყვანის პროგრამები, დიდწილად ორიენტირებულია ნაყოფმსხმოიარობაში ადრეული ასაკიდან შესვლაზე, ზრდის შემცირებაზე და ამა თუ იმ ნიადაგურ და კლიმატურ პირობებთან მორგებაზე.

ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა ისეთი საძირეების რაოდენობა, რომლებიც 50 %-ით და მეტჯერაც ამცირებენ ხის ზრდის სიძლიერეს, სტანდარტულ (ბალამწარა და ბლის სხვა ველური ფორმები) საძირეებთან შედარებით. ეს შეზღუდული ზრდის საძირეები, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მოსავალს და ამ მოსავლის აღებას კიბეების და საკრეფი პლატფორმების გარეშე. ასეთი საძირეებს, უმრავლეს შემთხვევებში, სრული მსხმოიარობა უკვე მიღწეული აქვთ ოთხი წლის ასაკში. შედარებისათვის, ძლიერ საძირეზე ნამყენი ბლები, უმეტეს შემთხვევაში, მეოთხე წელში არც კი აქვთ მსხმოიარობა დაწყებული…

ჯიშისა და საძირის თავსებადობა

ვინაიდან ბლის (Prunus avium)  ველური (ბალამწარა) და კულტურული ჯიშების ნათესარებიდან წარმოებული საძირეები, თავადაც ბლის ამა თუ იმ ჯიშს წარმოადგენენ, მყნობის თავსებადობის პრობლემა არ აქვთ ნებისმიერ, აქამდე არსებულ ბლის სამრეწველო ჯიშებთან. ეს არ ეხება ბლის სხვა კომერციულ საძირეებს, როგორებიცაა ბალღოჯი (Prunus mahaleb), ჩვეულებრივი ალუბალი (Prunus cerasus) ან ჩინური ალუბალი (Prunus canescens) და მათი შეჯვარების შედეგად წარმოებულებს. შესაბამისად, ზოგიერთმა საძირემ, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებიდანაა მიღებული, შესაძლოა შეუთავსებლობა გამოავლინონ, ჩვეულებრივი ბლის (Prunus avium) ჯიშებთან მყნობისას. მაგალითისათვის, საძირე ბალღოჯმა, რომელსაც აქვს რიგი უპირატესობები ბლის ველური და კულტურული ნათესარებისგან მიღებულ საძირეებზე (შედარებით ნაკლები ზრდის სიძლიერე, ქვიშნარ და ტუტე ნიადაგების მიმართ უკეთესი შემგუებლობა), გამოავლინა შეუთავსებლობა ბლის ჯიშ ჩელანის მიმართ. საძირე კოლტი, კი ამჟღავნებს შეუთავსებლობას ჯიშების, ვან-ისა და სემ-ის მიმართ. გისელა 5, 6, 12 საძირეებს და მაქსიმა 14-ს, ხანგრძლივი დაკვირვებების შედეგად, არ გამოუვლენიათ შეუთავსებლობა ბლის რომელიმე ჯიშთან მყნობისას.

ნიადაგის პირობები და დარგვა-გაშენება

ბაღის გაშენებამდე, საძირის შერჩევისას მნიშვნელოვანია ნიადაგის სხვადასხვა პარამეტრების დადგენა. ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებს უფრო მჭიდრო ფესვთა სისტემა გააჩნიათ, ვიდრე ენერგიული ზრდის და სრული ზომის საძირეებს და აქედან გამომდინარე, უმჯობესია მათი გაშენება ღრმა, ნაყოფიერ და წყლის შეკავების უნარის მქონე ნიადაგებში (საშუალო თიხნარიდან-საშუალო თიხამდე). ხოლო არაღრმა, საკვები ნივთიერებებით ღარიბი ნიადაგებით, რომლებსაც აქვთ წყლის შეკავების დაბალი უნარი, უნდა შეირჩეს შედარებით ძლიერი ზრდის საძირეები, რომელთაც შესწევთ ძალა, რომ უფრო სიღრმეებში განივითარონ ფესვეთა სისტემა, რითაც საშუალება მიეცემათ მოიპოვონ მათთვის საჭირო საკვები ნივთიერებები და ტენი. საძირეებისგან დამოუკიდებლად, ზოგადი რეკომენდაციებით, ნიადაგში ორშტეინის (გაუვალი) ფენა არ უნდა არსებობდეს დაახლოებით 90 სმ-ის სიღრმეზე. გარდა კვებისა, მცენარე ნიადაგში ფესვებს ასევე ავითარებს მოსაჭიდებლად და მყარად დგომისათვის. ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებზე ნამყენ ხეებს უმრავლეს შემთხვევაში, ესაჭიროებათ დამატებითი საყრდენი სისტემა. მაგალითისათვის, გაბატონებული ქარების სამოქმედო არეალში, გისელა 5 და 6-ის საძირეებზე, ლიდერული ფორმირების ტიპის შერჩევისას, საყრდენი სისტემის დამონტაჟება, გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

სიცივისა და ყინვისადმი გამძლეობა

სიცივისადმი გამძლეობა კომპლექსური ფიზიოლოგიური პროცესია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ რომელიმე კომპონენტზე. ამ კუთხით, ბლის საძირეების კვლევის შედეგები, მთელ მსოფლიოში არათანმიმდევრული და ურთიერთგამომრიცხავია. ყველაზე ხშირად ზიანდება ახალდარგული ნერგის ნამყენი ადგილი, რომელიც ვერ ასწრებს სრულ აკლიმატიზაციას, მოსვენებულ მდგომარეობაში ვერ ხვდება საადრეო წაყინვებს და ხდება ე.წ. ამოვარდნა. ბალღოჯზე ნამყენი ნერგები, შედარებით ადრე შედიან მოსვენების მდგომარეობაში და შესაბამისად ყველაზე ყინვაგამძლე საძირედ შეგვიძლია ჩავთვალოთ. მაგალითისათვის, კოლტი დარგვის წელს, არარეგულარული რწყვის პირობებში, შედარებით ზედაპირულად ივითარებს ფესვებს და შესაძლოა ყინვებისაგან დაზიანდეს. P. cerasus და P. canescens, რომელთაგანაც გამოყვანილია გისელას სერიის 5, 6 და 12 საძირეები, ყინვის მიმართ უფრო გამძლეა, ვიდრე ველური ბლის ფორმები. მიუხედავად იმისა, რომ საძირეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ყვავილობის დროს წაყინვებისადმი გამძლეობაში, ე.წ. პროდუქტიული, ნაგალა საძირეები უფრო მეტ ყვავილს ივითარებენ და შესაბამისად მეტი ყვავილი შეიძლება გადაურჩეს საგვიანო წაყინვებს. ძლიერ საძირეებზე ნამყენი ბლების უპირატესობად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ მათი ზომებიდან (ვარჯის დაშორება ნიადაგის ზედაპირიდან) გამომდინარე, ყვავილებიც უფრო დაშორებულია ნიადაგის ზედაპირს და აქედან გამომდინარე, წაყინვებისაგან გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.

ყვავილობის და ნაყოფმსხმოიარობის თავისებურებები

ბალი მიმდინარე წლის ნაზარდებზე ივითარებს მხოლოდ მარტივ კვირტებს (თითო კვირტი თითო მუხლზე) და თითოეული კვირტი ან ვეგეტატიურია ან საყვავილე. წინა წლის (1წლიან) ტოტებზე არსებული კვირტი, (რომელიც დარჩა ვეგეტატიურად, ანუ არ ჩამოყალიბდა საყვავილედ), გარდაიქმნება ყლორტად, ან დარჩება ,,მიძინებულ’’ მდგომარეობაში და მომდევნო წლებში გადაიქცევა ყლორტად ან იქცევა სანაყოფე თაიგულად. სანაყოფე თაიგულები ვითარდება მხოლოდ 2 და მეტ წლიან ტოტებზე. წინა წლის (1 წლიანი) ტოტების ბაზალური (ძირის) საყვავილე კვირტები, მსხმოიარობენ მხოლოდ 1 წელიწადს და შემდეგ ხმებიან, რის გამოც ტოტებზე წარმოიქმნება შიშველი ადგილები და მსხმოიარობა შორდება შტამბს და ინაცვლებს ხის გარე ნაწილებისაკენ. სანაყოფე თაიგულები მსხმოიარობენ დაახლოებით 10-12 წელიწადი, თუ მათ ექნებათ მზის სინათლესთან წვდომა და არ დაიჩრდილებიან. კვლევებით დადგენილია, რომ სანაყოფე თაიგულები, საუკეთესო მოსავალს იძლევიან 5 წლამდე ასაკში. თითოეული სანაყოფე კვირტი ივითარებს 1-დან 7-მდე ნაყოფს, სადაც ბაზალური კვირტებიდან განვითარებული ნაყოფები, ზომაში შედარებით მეტია, ვიდრე სანაყოფე თაიგულიდან წარმოშობილ ნაყოფები. ერთწლიანი ტოტების ბაზალურ ნაწილებზე და სანაყოფე თაიგულებზე მსხმოიარობის ხარისხი და რაოდენობები, რიგ შემთხვევებში საძირეებზეა დამოკიდებული. მაგალითისათვის, პროდუქტიულ, ნაგალა საძირეებზე ნამყენი ჯიშები, უამრავ სანაყოფე თაიგულთან ერთად, 1 წლიან ტოტებზეც ჭარბ სანაყოფე კვირტებს ივითარებენ, რაც შემდგომში იწვევს უამრავ გაშიშვლებულ ტოტს. ძლიერი ზრდის საძირეებს კი, განსაკუთრებით ვეგეტაციის პირველ წლებში, ახასიათებთ ენერგიული განვითარება, რაც იწვევს ხის უკონტროლო ზრდას და გაფანტულ მსხმოიარობას. ორივე შემთხვევაში, საჭიროა ნაგალა და ძლიერი ზრდის საძირეების სწორი კომბინაცია ჯიშებთან და შესაბამისი სხვლა-ფორმირების ტიპების შერჩევა.

ხის ზრდა-განვითარების თავისებურებები

ბლის საძირეები შეიძლება დაიყოს ოთხ კატეგორიად, ხის ზომის მიხედვით. ველური და კულტურული ბლის ნათესარები, ბალღოჯი და კოლტი მიეკუთვნებიან ძლიერი ზრდის საძირეებს. შესაბამისი სხვლა ფორმირების გარეშე, მათ შეუძლიათ მიაღწიონ 15 მ სიმაღლეს. სწორი მიდგომებით, შესაძლებელია მათი დაჭერა 3-6 მეტრი სიმაღლის დიაპაზონში. ნახევრად ძლიერი ზრდის საძირეები, აღწევენ ძლიერი ზრდის ხეების ზომის 80%-დან 90%-მდე მაგრამ, მათი შენარჩუნება უფრო ადვილია დაბალ და მისაწვდომ სიმაღლეებზე, რადგან სხვლის მიმართ უფრო დამყოლები არიან და ე.წ. მოზვერა ტოტებს ნაკლებად ივითარებენ. ნახევრად ძლიერი საძირეებში შედიან “გიზელა 6”, “გიზელა 12”, “კრიმსკი 5” და “კრიმსკი 6”. ნახევრად ნაგალა და ნაგალა საძირეებში გაერთიანებულია გიზელა 5 და გიზელა 3, ვეიგი 1, 2 და 3. ხის ზომები და ზრდის სიძლიერე, დამოკიდებულია არა მხოლოდ საძირეზე, არამედ ბლის ჯიშებზე, ნიადაგებზე, სხვლა-ფორმირების წესებზე და სხვ. მაგალითისათვის, ა.შ.შ-ს აღმოსავლეთში, გისელა 6-ზე ნამყენი ერთი და იგივე ჯიშები, იზრდებიან ხის სრული ზომის 60 %-მდე, ხოლო ა.შ.შ-ს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში კი 90 %-მდე. ანალოგიურად კოლტი, რომელიც ინგლისში წარმოებული იყო, როგორც ნახევრად ძლიერი საძირე, იმავე ა.შ.შ-ს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით და აგრეთვე, მსოფლიოს სხვა ადგილებშიც, აღწევს ხის სრული ზომის თითქმის 100 %-ს. ამ ყველაფერში, ირიგაცია და და ფერტიგაციას აქვს გადამწყვეტი როლი, რადგან რაც არ უნდა ძლიერი ზრდის იყოს საძირე ბუნებრივად, სარწყავ ადგილებში მოყვანილი ყოველთვის დიდი ხე გაიზრდება ზომებით, ვიდრე ურწყავში. იგივე შეიძლება ითქვას მაქსიმა 14-ზე, რომელიც უფრო ენერგიულად იზრდება წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის ნაყოფიერ თიხნარ ნიადაგებში, ვიდრე სამხრეთ საფრანგეთის კირქვიან ნიადაგებში.

ფესვის ამონაყრები

ბლის კომერციული საძირეების უმეტესობას არ ახასიათებთ ფესვის ამონაყრები. ბლის ველურ და კულტურ ნათესარებს კი რაღაც დოზით ახასიათებთ ფესვის ამონაყრები. იგივე შეიძლება ითქვას კრიმსკი 5-ზე და კრიმსკი 6-ზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ფესვის ამონაყრები პრობლემაა მცენარეთა დაცვის კუთხით, რადგან ხელს უშლიან ჰერბიციდების გამოყენებას ნარგაობაში და შესაძლოა გახდნენ დამატებითი წყარო მავნებელ-დაავადებების გაჩენა-გამრავლებისათვის.

მოსავლიანობა და ნაყოფის ხარისხი

ძლიერი და ენერგიული ზრდის საძირეებთან შედარებით, ნახევრად ნაგალა და ნაგალა საძირეებზე ნამყენი ბლები, შედარებით ადრე შედიან მსხმოიარობაში და მეტი საყვავილე კვირტის ჩასახვა შეუძლიათ. ამ უკანასკნელთ, ასევე შესწევთ უნარი, სხვლა-ფორმირების წესიდან გამომდინარე, პირველი მოსავალი, მესამე და მეოთხე სავეგეტაციო წლიდან მოგვცენ. მოსავლიანობის ეფექტურობა, რაც ნიშნავს ხის ზომას და ნაყოფმსხმოიარობას ერთდროულად, უფრო მაღლია ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეებზე, ვიდრე ძლიერ საძირეების გამოყენების დროს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ხეზე დაცულია ნაყოფისა და ფოთლის ბალანსი. აქედან გამომდინარე, თუ დაცულია ნაყოფისა და ფოთლის თანაფარდობა, ყველა საძირეს შეუძლია მაღალი ხარისხის ნაყოფის მოცემა. სუსტი ზრდის საძირეების შემთხვევაში კი, შეუფერებელი სხვლა-ფორმირებისას, ხეებს ახასიათებთ ნაყოფებით გადატვირთვა, რაც იწვევს მცირე კალიბრს და შესაბამისად დაბალ ხარისხს.

ბაქტერიული ქანქერი (კიბო)

Pseuodomonas syringae (ფსეუდომონას სირინგაე), ბაქტერიული ქანქერის გამომწვევი ბაქტერიული მავნე ორგანიზმი, გვხვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ბლის საწარმოო ზონებში. სხვადასხვა საძირეები, სხვადასხვაგვარ გამძლეობას ამჟღავნებენ ამ დაავადების მიმართ. კლონურმა საძირემ F.12/1-მა რაღაც დოზით გამოავლინა შემგუებლობა (ტოლერანტობა) ამ პათოგენის მიმართ. 2010 წელს ჩატარებული მცირე კვლევებით დადგინდა, რომ საძირე კოლტი უფრო მეტად გამძლეა, ვიდრე ველური და კულტურული ბლის ნათესარები. ასევე, საძირე კრიმსკი 5 თანაბრად ან შედარებით მეტად გამძლეა, ვიდრე ბალამწარა. ხოლო, ამ უკანასკნელთან შედარებით, გისელა 6 უფრო მიმღებიანი ბაქტერიული ქანქერის მიმართ. ჩილეში ბლის მწარმოებლები აღნიშნავენ, რომ კოლტი და მაქსიმა 14 გარკვეულ გამძლეობას ამჟღავნებენ ბაქტერიული ქანქერის მიმართ და CAB-6P უფრო მიმღებიანია ამ დაავადების მიმართ, ვიდრე ბალამწარა.

ვირუსისა და ფიტოპლაზმის მიმართ მგრძნობელობა

PDV (Prune dwarf virus) და PNRV (Prunus necrotic ringspot virus), რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ბლის ბაღებში, ზრდასრულ ხეებში უმეტესწილად ვრცელდება ყვავილობის მეშვეობით, ხოლო ახალგაზრდა ნეგრში კი მყნობისას. ბალამწარას, ბალღოჯისა და კოლტის საძირეებზე ნამყენი ჯიშები, უმრავლეს შემთხვევებში, მცირე ან უმნიშვნელო სიმპტომებს ამჟღავნებენ და ამ ორი ვირუსის სხვადასხვა შტამებით ინფიცირებისას. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომები აშკარად შესამჩნევია, რაც აისახება მოსვლის რაოდენობაზეც. რაც შეეხება გისელა 5,6 და 12-ს, ამჟღავნებენ შემგუებლობის სხვადასხვა დონეს, რაც აისახება ზრდის უმნიშვნელო შემცირებით. იმავე კვლევებში, კრიმსკი 5 და კრიმსკი 6, გამოვლინდნენ ამ ვირუსების მიმართ შედარებით უფრო მგრძნობიარე საძირეებად. X-დაავადება (Western X-desease), რომელიც წარმოადგენს ფიტოპლაზმურ ორგანიზმს (Candidatus Phytoplasma pruni), ასევე პრობლემას წარმოადგენს ბლის სამრეწველო ბაღებისთვის. მისი სიმპტომებია პატარა ზომის, შეუფარავი და მოუმწიფებელი ნაყოფები, რომელთა შერევა საღ ნაყოფებში, აუარესებს მოსავლიანობის საერთო სურათს. საძირეთა უმეტესობა, მათ შორის ბალამწარა და გისელას სერიის საძირეები, მიმღებიანია ამ დაავადების მიმართ. ამ საძირეების შემთხვევაში, თუკი X-დაავადების სიმპტომების გამოვლინებას და ხეების შემდგომ დაზიანებებს გარკვეული პერიოდები ესაჭიროება, ბალღოჯის შემთხვევაში ეს ყველაფერი უცებ ხდება. ამ საძირეზე ნამყენი ხეები, უმრავლეს შემთხვევებში, იმავე ვეგეტაციის პერიოდში ხმებიან მოულოდნელად. ამიტომაც, ბალღოჯზე ნამყენ ნერგებს, ხშირად შეურევენ ხოლმე ბაღებში, რათა სწრაფად დაადგინონ X-დაავადების არსებობა ნარგაობაში და დროზე მოახდინონ მისი პრევენცია, რადგან ვირუსული დაავადებების მსგავსად, არც ფიტოპლაზმური დაავადების პირდაპირი მკურნალობის მეთოდები არსებობს.

ზოგადი რჩევები სწორი საძირის არჩევისთვის

ახალი ბაღისთვის საძირეების არჩევისას გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. ნიადაგის ნაყოფიერება, ბლის ჯიშები და სასურველი სხვლა-ფორმირების სისტემა, საკვანძო საკითხებია შესაფერისი საძირეების შესარჩევად. დაბალ ნაყოფიერ, არა ღრმა ნიადაგებზე რასაკვირველია ვერიდებით სუსტი საძირეების შერჩევას. ასევე, ბალღოჯზე ნამყენი ჯიშებს არ ვაშენებთ მძიმე ნიადაგებზე, რადგან მისი ფესვთა სისტემა, წყლის დგომას ვერაფრით ეგუება. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე გავრცელებული ბლის საძირეებიდან, არცერთი არაა რეკომენდებული მძიმე და ტენიან ნიადაგებზე, კრიმსკი 5 და კრიმსკი 6, უფრო მეტ გამძლეობას ამჟღავნებენ, ვიდრე ბალღოჯი და თუნდაც ბალამწარა. ძლიერ საძირეებზე (მაზარდი, ბალღოჯი და კოლტი) ნამყენი ჯიშები, ლიდერული და არასტანდარტული ჯამური ტიპის სხვლა-ფორმირებისას, როგორც წესი ირგვებოდა 300-500 ძირი ჰექტარზე, ხოლო ესპანური ბუჩქის (Spanish Bush) ან კეიჯიბის (KGB-Kym Green Bush) შემთხვევაში, შესაძლებელია 600-700 ძირის დარგვა ჰექტარზე. საზღვარგარეთის ქვეყნების, კონკრეტულად შეერთებული შტატების ჩრდილო-დასავლეთ რეგიონების, ავსტრალიი და ესპანეთის სამრეწველო ბაღებში, წარმატებითაა დანერგილი ესპანური ბუჩქისა და კეიჯიბის სხვლა-ფორმირებები. ზოგადად, ყველა საძირეს, თავისი სხვლა-ფორმირების ტიპები შეეფერება. ძლიერ საძირეზე ბაღის გაშენებისას, არაა მისაღები მაღალი შპინდელის სხვლა ფორმირება, ამისათვის არსებობს ნაგალა საძირეები. ანალოგიურად, ესპანური ბუჩქის და კეიჯიბის შემთხვევაში, უმჯობესია ნახევრად ძლიერი და ძლიერი საძირეები. ასევე მნიშვნელოვანია საძირის ჯიშებთან შეხამება. ვინაიდან, ენერგიული ზრდის საძირეები ნაკლებად პროდუქტიულებია, მათზე მყნობა უნდა განხორციელდეს მაღალმოსავლიანი ჯიშებით (ლაპინსი, სვითჰარტი, ჩელანი და სხვ.) შედარებით დაბალ მოსავლიანი ჯიშები, როგორებიცაა რეჯინა, ტეტონი, ბენტონი და ერლი რობინი, მათთვის ძალიან მისაღებია ნაგალა და ნახევრად ნაგალა საძირეები.

საძირეების აღწერილობები

კოლტი

მშობლები: P. avium x P. Pseudocerasus

საძირე კოლტი გამოიყვანეს ინგლისში, კვლევით სადგურ ისტ მალინგში, 1970-იან წლებში, როგორც ნახევრად ძლიერი საძირე. თუმცა, მაღალნაყოფიერ ან(და) სარწყავი წყლით უზრუნველჰყოფილ ნიადაგებზე, კოლტი ხასიათდება ძლიერი ზრდით და ტოლს არ უდებს ბლის ველურ სახეობებს.  ოღონდ ეს საძირე, მათთან შედარებით, უფრო მგრძნობიარეა გვალვისა და ზამთრის დაბალი ტემპერატურების მიმართ.

ცნობილია მისი გამძლეობა ისეთი ვირუსული დაავადების მიმართ, როგორიცაა ბლის ღეროს დასკდომა (Cherry stem pitting). ასევე კოლტმა, ზოგიერთი საძირეებისაგან განსხვავებით, მდგრადობა გამოავლინა ბაქტერიული ქანქერის, ფიტოფტორა ფესვის ყელის სიდამპლისა და მღრღნელებისაგან დაზიანების მიმართ. აქედან გამომდინარე, კოლტის საძირეზე ნამყენი ბლების ჩამატება, შესაძლებელი ხდება უკვე გაშენებულ ნარგაობაში, ზემოთ ჩამოთვლილი მავნებელ-დაავადებების მიმართ რეზისტენტობის გამო.
სამწუხაროდ, კოლტი მიმღებიანია ფესვის გალებიანი ქანქერის მიმართ.

ბალღოჯი

ბალღოჯი (მაჰალები) შედარებით უფრო ადრეული ნაყოფმსხმოიარობით და ნაკლები ენერგიული ზრდით ხასიათდება, ვიდრე ბლის ველური სახეობები და წარმოადგენს ყველაზე გვალვაგამძლე საძირეს ბლის წარმოებაში, რომელიც ნიადაგში ძალიან ღრმად ივითარებს ფესვთა სისტემას მაგრამ, ამავე დროს, მისი ფესვები ძალიან მგრძნობიარეა უჰაერო, ანერობული პირობების მიმართ და ვერ ეგუება წყლის თუნდაც მცირე ხნით ჩადგომასაც კი.

„მაჰალები“ საუკეთესოდ შეეფერება ღრმა, კარგად დრენირებულ თიხნარებსა და ქვიშნარებს, ასევე კირქვიან ნიადაგებს. რაც შეეხება ჯიშებთან თავსებადობას, სხვადასხვა მონაცემებით ვლინდება, რომ ზოგიერთი ჯიში, ბალღოჯთან შეუთავსებლობას ამჟღავნებს მყნობიდან 6 წლის გასვლის შემდეგაც. ასეთი ჯიშებია ჩელანი და ტეტონი.

ბალღოჯი მიმზიდველია მღრღნელებისთვის, ამიტომ ასეთი მავნებლების წინაღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გატარება აუცილებელია, როდესაც საძირედ ბალღოჯს ვირჩევთ.

მაზარდი (ბლის ველური ფორმები, ბალამწარა…)

მთელს მსოფლიოში, მაზარდის საძირეზე ბაღების გაშენების ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. ის კარგად ეგუება სხვადასხვა ნიადაგებს და მყნობისას არ ამჟღავნებს  შეუთავსებლობას ბლის ჯიშებთან.

ძალიან ძლიერი ზრდის ტემპიდან გამომდინარე, პირველ სანაყოფე ნიშნებს ავლენს მხოლოდ მეხუთე-მეექვსე წლიდან და სრულ მსხმოაირობაში შესვლას, შესაძლოა 12 წელი მოანდომოს. ასევე, ხეების მაღალმოზარდობა ართულებს მოსავლის აღების, სხვლა-ფორმირებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

მაქისმა 14

მშობლები: P. mahaleb x P. Avium (ბალღოჯი X ბალამწარა)

მაქსიმა 14-ის წარმოშობის ადგილია აშშ, ორეგონის შტატი, თუმცა ფართო გავრცელება ჰპოვა საფრანგეთში, მისი მოსავლიანობაში ადრე შესვლის, ნახერად ნაგალა ზრდის სტილით და რკინის ქლოროზის მიმართ გამძლეობის გამო.

ამავე მიზეზებით, აღნიშნული საძირე ასევე პოპულარულია ცენტრალურ აზიაში. ჩილეში კი, მწარმოებლებს მოსწონთ საძირე ბაქტერიული ქანქერის მიმართ, მისი გამძლეობის გამო. მაქსიმა 14 შესაფერისი საძირეა მაღალპროდუქტიული ჯიშებისთვის. კარგად ეგუება მაღალ ტემპერატურებს და თავსებადია ყველა აქამდე არსებულ ბლის ჯიშთან. ხარობს ნიადაგის ფართო სპექტრში. ფესვის ამონაყრების პრობლემა არ აქვს.

გიზელა 5

მშობლები: P. cerasus x P. Canescens

გიზელა 5 გახლავთ ტიპიური ნაგალა საძირე, რომელსაც ზედაპირული ფესვთა სისტემა გააჩნია, ვერ ეგუება მძიმე ნიადაგებს და მოითხოვს შესაფერის რწყვისა და განოყიერების მეთოდებს. ასევე,  ქარიან ადგილებში, საძირე საჭიროებს საყრდენ სისტემას.

მაღალი ტემპერატურების მიმართ ნაკლებად გამძლეა მაგრამ, ზამთრის ყივნები როგორც წესი პრობლემას არ წარმოადგენს მისთვის. ბლის ყველა აქამდე ცნობილ ჯიშთანაც თავსებადია მყნობისას.

საბაზრე ხარისხის ნაყოფის მოცემა შეუძლია უკვე მესამე სავეგეტაციო წლიდან. ამ საძირეზე ნამყენი ჯიშები, 2-4 დღით ადრე შედიან მწიფობაში, რაც საადრეო ბაზრისთვის კარგ ვარიანტს წარმოადგენს.

გიზელა 5-ზე ნამყენი ჯიშებზე, ტოტები ძირითადად ფართო კუთხით გამოდიან მაგრამ, თავად ტოტების განვითარება (განტოტვა) ცოტა გართულებულია, რის გამოსწორებაც საჭიროებს დამატებით ჩარევებს, რაც კვირტის ზემოთ კანის ჩახერხვით, გიბერელინის გამოყენებით და ზედმეტი კვირტების მოცილებით გამოიხატება.

გიზელა 6

მშობლები: P. cerasus x P. Canescens

გისელა 6 იყო ერთერთი პირველი, ნახევრად ნაგალა ზრდის საძირე, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა და ფართოდ გავრცელდა მთელს მსოფლიოში. თუმცა, ბოლო წლებში, ტემპერატურების მატებასთან ერთად, მას აღმოაჩნდა გარკვეული მინუსები ზაფხულის სიცხეებთან მიმართებით. კერძოდ, ისეთ ადგილებში, სადაც ტემპერატურა აღწევს +38 გრადუსს ცელსიუსით, გისელა 6-ზე ნამყენი ჯიშები კარგავენ ტურგორს და ავლენენ ჭკნობის სიმპტომებს. ამ სტრესის მოხსნას ცდილობენ ნარგაობის დამულჩვით, ხშირი მორწყვით სხვა მზისგან დამცავი საშუალებებით.

მიუხედავად იმისა, რომ რიგ შემთხვევებში თავს ავლენს, როგორც ნახევრად ძლიერი საძირე, მისი ზომებში დაჭერა შედარებით ადვილია და პირველ მოსავალს იძლევა ვეგეტაციის მესამე წლიდან, ხოლო სრულ მოსავალს მეხუთე წლიდან. ზრდისა და ნაყოფმსხმოიარობის ასეთი ტემპების გამო, შესაბამისი სხვლა-ფორმირება დარგვის წლიდანვე უნდა ჩაუტარდეს. მაღალი ხარისხის მოსავლის უზრუნველსაყოფად, აუცილებელი პირობაა, რომ გისელა 6-ზე დაემყნოს ზომიერი ან დაბალი პროდუქტიულობის მქონე ჯიშები, როგორებიცაა თუნდაც  ბინი, სკინა და რეჯინა.

გაშენებისას ნერგების რეკომენდებული რაოდენობა, 750-1250 ძირს შორის მერყეობს.

კვირტებიდან ტოტების წარმოქმნის უნარი (განტოტვა) უფრო მეტად აქვს განვითარებული, ვიდრე გისელა 5-ზე, რაც გისელა 6-ის პოპულარობის ერთერთ მიზეზსაც წარმოადგენს.

ახასიათებს ღია, გადაშლილი ვარჯი და ტოტების კარგი კუთხით განვითარების უნარი. ქარიან ადგილებში, უმეტეს შემთხვევაში, განსაკუთრებით ლიდერული ფორმირების შერჩევისას, საჭიროებს საყრდენ სისტემას. კარგად ეგუება ნიადაგის ფართო სპექტრს, მსუბუქიდან მძიმემდე, თუკი დრენირების პრობლემა არ დგას. არ არის მიდრეკილი ფესვის ამონაყრების განვითარებისკენ და მყნობისას, ჯიშების მიმართ შეუთავსებლობას არ ამჟღავნებს.

საძირეების

საძირეების

სტატიაზე იმუშავა:

აგრონომი: დავით დაბრუნდაშვილი

წყარო:

https://extension.oregonstate.edu/pub/pnw-619#Flowering%20and%20fruiting%20habit ორეგონის შტატის უნივერსიტეტის ექსტენციის სამსახური.

English