Blog

„იოტო აგროს“ აგრონომთა გუნდს თორნიკე თურმანიძე ხელმძღვანელობს

„იოტო აგრო“ საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. როგორც თავად ამბობენ დიდი მიზნები აქვთ და დღეს ამ და სხვა თემებზე თორნიკე თურმანიძე – „იოტო აგროს“ აგრონომთა გუნდის ხელმძღვანელი გაგვესაუბრება.

პირველ რიგში, მკითხველს გავაცნოთ კომპანია, რა არის “იოტო აგრო” და რა მიზანს ემსახურება იგი?

„იოტო აგრო“, მარტივად რომ ვთქვათ, ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აგრო სერვისების კომპანიაა. ჩვენი გუნდი ემსახურება  სასოფლო-სამეურნო ბიზნესის მქონე ფერმერებს აგრო სერვისებითა და პროდუქციით.

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ფერმერებს ბაღის მენეჯმენტის ყველა ეტაპზე, რაც გულისხმობს: რჩევებს მცენარეთა ფორმირებაზე, გამოკვებაზე, წამლობაზე, ნიადაგის დამუშავებაზე, ირიგაციასა და აგროტექნიკაზე. ასევე, პროგრამის შესაბამისი პროდუქტების მიწოდებას, გამოყენებული პროდუქციის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რეკომენდაციებს მთელი წლის განმავლობაში.

მოკლედ რომ ვთქვა, „იოტო აგრო“ ფერმერებს აძლევს ცოდნას, პროფესიონალურ სერვისსა და აგრო პროდუქციას მეტი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

რატომ შეიქმნა იოტო აგრო?

ქართველებს გვიყვარს იმის თქმა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტრადიციის ქვეყანა ვართ და ასეც არის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ბაზარზე მაინც მწირია სწორი ინფორმაცია და ცოდნა – ვხედავთ ბაღის არასწორი მენეჯმენტის გამო წაგებაზე გასულ სამეურნეო ბიზნესებს; ვხედავთ ფერმერებს, რომლებიც მცენარეთათვის არასწორ პრეპარატებსა და დოზებს არჩევენ; ვხედავთ დამწყებ ფერმერებს, რომლებსაც აქვთ მიწის ნაკვეთი, თუმცა არ იციან საიდან დაიწყონ ამ სფეროში მოღვაწეობა და პირველი ცდის მერე არაეფექტური მოსავლის გამო ანებებენ მეურნეობას თავს.

გარდა ამისა, ინფორმაციის ნაკლებობის გამო ტრადიციული მეთოდების გამოყენების ტენდენცია შეინიშნება, რაც ხშირ შემთხვევაში ოპტიმალური მოსავლის მოყვანას უშლის ხელს. სწორედ ამიტომ, „იოტო აგრო“ კონცენტრირებულია ევროპული სიახლეების ადაპტირებაზე ქართულ აგრობიზნესში. ჩვენ გვინდა საქართველოში მეტი თანამედროვე ფერმერი არსებობდეს, რომლებსაც ექნებათ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია მოსავლის მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვინდა ფერმერების ბიზნესის განვითარებას შევუწყოთ ხელი, ავამაღლოთ მათი ცოდნა და გავუწიოთ პოპულარიზაცია სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს ქვეყანაში.

როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის პოპულარიზაციას?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, „იოტო აგრო“ ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული აგრონომიული სერვისების კომპანიაა. შესაბამისად, პირველ რიგში, მიზნად ვისახავთ ამ სფეროში ბაღის ზოგადი მოვლის გეგმა გავმართოთ. გვინდა ქართველი ფერმერების ცნობიერება ამ მხრივ ავამაღლოთ. გვჯერა, რომ ფერმერი, რომელიც ჩვენს საკონსულტაციო მომსახურებას გამოიყენებს, სწორად წარმართავს საკუთარი აგრო ბიზნესის განვითარებას, რადგან ჩვენ ყველა ეტაპზე მათ გვერდით ვართ.

მოგეხსენებათ, ბაზარზე კვალიფიციური აგრონომების დეფიციტია, ჩვენ კი ამ მოთხოვნას კვალიფიციური და კულტურაზე პროფილირებული აგრონომთა გუნდით ვაკმაყოფილებთ და ამიერიდან გაცილებით მეტ ადამიანს ექნება მოტივაცია სტაბილური შემოსავლის მიზნით ინვესტიცია აგრო ბიზნესში გააკეთოს.

აგრონომები ახსენეთ და უფრო მეტი რომ მოგვიყვეთ თქვენს გუნდზე, რა მიმართულების სპეციალისტებს აერთიანებთ და რა სპეციფიკით მუშაობთ?

ჩვენი გუნდი 10 აგრონომისგან შედგება, თითოეული პროფილირებულია კონკრეტულ კულტურაზე. გვყავს, მაგალითად, თხილის, კაკლის, ნუშის, ხეხილის მიმართულებებზე აგრონომთა გუნდი. თითოეულ  გუნდი კი  მთავარი აგრონომს, დამხმარე აგრონომსა და  კვების სპეციალისტს აერთიანებს. იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულ მეურნეობას პროფესიონალურად ვუდგებით, გუნდში უნარების დივერსიფიკაცია მოვახდინეთ მეტი ეფექტიანობისთვის.

და ბოლოს, უფრო კონკრეტულად რომ უთხრათ ჩვენს მკითხველებს, რა სერვისებსა და სიახლეებს სთავაზობს “იოტო აგრო” თავის მომხმარებელს?

ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ სრულ აგრონომიულ მომსახურებას, რაც გულისხმობს მეურნეობის ინდივიდუალურ, სიღრმისეულ ანალიზს მოსავლიანობის გასაზრდელად. ზოგად სამენეჯმენტო საკითხებზე რეკომენდაციებს (მცენარის ფორმირება, ირიგაცია, აგროტექნიკა, ნიადაგის დამუშავება), მცენარის სავეგეტაციო წლისთვის კვებისა და დაცვის სქემის შედგენას, შესაბამისი აგრო პროდუქციის მიწოდებასა და მათი ეფექტურად გამოყენების მონიტორინგს. ასევე, მთელი სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე მავნებელ-დაავადებათა ფონის კონტროლსა და სქემის განახლებას, საჭიროების შემთხვევაში.

ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის  ეფექტური მუშაობა პრიორიტეტია.  შესაბამისად, შევქმენით შიდა საორგანიზაციო პლატფორმა, სადაც აისახება ბაღში ჩატარებული სამუშაოები ციფრულად. ეს გვეხმარება ბაღის აგრონომიულად მართვისას ყველა პროცესი იყოს სისტემატიზირებული და ეფექტური.

გარდა ამისა, „იოტო აგროში“ ვაკეთებთ ნიადაგის და ფოთლის ლაბორატორიულ ანალიზს ევროპის სხვადასხვა ლაბორატორიაში, რაც მოიცავს ნიადაგის მექანიკური და ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას, ფოთლის, ყლორტის ან ნაყოფის კვლევას.

თუ ხართ ფერმერი ან ახლა აპირებთ ინვესტიცია განახორციელოთ აგრობიზნესში, ჩვენი,  „იოტო აგროს“ გუნდის სახით შეგიძლიათ კომპეტენტური და გამოცდილი პარტნიორი შეიძინოთ.

იოტო-ნაყოფიერი აგრობიზნესისთვის

English